ერთი ლექსი - ფინალისტი გიო ზედვაკელი
ორი სიმართლე
იქით ნაპირზე - ზემო ვაკეა,
ბაგები, წყნეთი, შუშის ვილები.
აქეთ მუშები, მუშის შვილები,
ვაგზალი, ჭუჭყი, "დეზერტირები".
იქით შენდება ბაბილონები,
აქეთ ინგრევა - წინამძღვრიშვილი.
იქით ძღომისგან აქვთ ტკივილები,
აქეთ მუცელი სტკივათ შიმშილით.
არის სიმდიდრე, არის ნავთობი
არის "სოკარი", არის "ვისოლი".
არის საკანიც, თუ კი პირიდან
რაღაცა "ისეთს" გამოისროლი.
არის გართობაც, არის Gallery
არის Tesla და არის opel-ი.
არის ქალაქი, რომლის ხმაურში
თავმოყრილია მთელი სოფელი.
არის რუსი და ბევრი პრორუსი,
პარალელურად არის ევროპა.
შეუსწავლიათ ხუთზე ოროსნებს
ყალბი ღიმილი და პირფერობა.
ტაძრის ეზოდან ისმის "ოსანა"
"საბა" მოიგო მკერდით მგოსანმა.
ზრდილობა მართლა რაღა დროსაა?
მომისიგნალა ვიღაც გორსალამ.
აქეთ აყრილი არის ასფალტი,
იქით მბრწყინავი იატაკია.
მოდის მსვლელობა ტრანსფარანტებით:
"თავისუფლება ზვიად რატიანს".
აქეთ ნაცები, იქით ქოცები,
შუაში ყვითლად ღუის "ლელო" და...
ჩემზე დარდებით, თქვენ ნუ მოცდებით,
მაინც არ წავალ საქართველოდან!
მარტი დამთავრდა, ალბათ ოდესმე
ამ დალოცვილშიც მოისინათლებს.
მაგრამ იმ ორი სათაურივით,
რა საჭიროა ორი სიმართლე?!.
🪄 გიო ზედვაკელი