ქუჯი - ერთიანობის და ძლიერების სიმბოლოა
ჩვენ ვეძებთ ნიჭიერებას სკოლაშივე. ჩვენ ყველანი სკოლიდან მოდივართ და ვიცით, რას ნიშნავს პირველი შეხება შემოქმედებით აზროვნებასთან. აღმოვაჩინეთ ძალიან საინტერესო, მხატვრულად მოაზროვნე ბავშვები, რომელთა ნამუშევრების ნაწილს ამ წიგნშივე გაეცნობით. ჩვენ წარმოვაჩენთ ნიჭიერ ახალგაზრდა პოეტებს. ვიპოვეთ ბევრი ახალი სახე, ვინც დღეს წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან. ჩვენს კონკურსში იმარჯვებენ პროფესიონალებიც და ახალბედებიც. ჩვენ პატივს მივაგებთ და ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვაჯილდოებთ ხანდაზმულ ხელოვანებს. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოში ნებისმიერ ლიტერატურულ კონკურსს, ფესტივალს, ყველა წამოწყებას, თუ აპრობირებულ პროექტს. ვეძებთ ყველგან დადებითს, ნათელს და ამაღლებულს, რადგან `ქუჯი~ ერთიანობის და ძლიერების სიმბოლოა. 2024 წელი, ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერი წელი იყო `ქუჯისთვის~: ძირითადი კონკურსის ახალი ნომინაციები − `ერთი მეგრულენოვანი ლექსის კონკურსი~, `ახალი სამყარო~- შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა კონკურსი, ბრძოლა `ქუჯის~ აკადემიის ჩამოსაყალიბებლად და ა. შ. შარშან გამოვეცით `ქუჯის~ ხუთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი წიგნიც. მთელი წლის განმავლობაში ბესო გვაზავას, ნანა კვაშილავას, დალი ჯორბენაძეს და მე თავს დაგვატყდა საქმეთა ქარტეხილი, რომელსაც ღირსეულად გავუმკლავდით ისევ ძველი სიყვარულით, ისევ ძველი ენერგიითა და გამძლეობით, ოღონდ ახალი ენთუზიაზმით. ახალი ენთუზიაზმიო, რომ ვწერ, ნიშნავს, რომ ისევ უსახსრობის მძიმე პირობებში ვიმუშავეთ. ხშირად ვფიქრობთ, ვინ გვაძალებს? გვაძალებს სამშობლოს სიყვარული, გვაძალებს მხატვრული სიტყვიერების სიყვარული, თავზე გვადგას და გვაძალებს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის და საერთოდ, ახალგაზრდობის სიყვარული... ჩვენ დაფინანსების გარეშე ვაკეთებთ იმას, რასაც აქ, ამ წიგნში ხედავთ და ეცნობით. მიუხედავად ასეთი პირობებისა, წელს უფრო გავფართოვდებით, ძირითადი კონკურსი კიდევ ერთი ნომინაციით გამდიდრდება, მეგრულენოვანს სვანურენოვანი პოეზიის კონკურსი დაემატება. უკვე მოგვარდა `ქუჯის~ აკადემია-მუზეუმის დაბინავების საკითხი. უფრო დაიხვეწება და გამრავალფეროვნდება `ახალი სამყარო~.