ქუჯი - ეროვნულ სასახლეში
ამ დღის მნიშვნელობის, მისი საჭიროების შესახებ აზრის გაზიარებისა და ლაკონიურ ტექსტში ემოციის გადამოსაცემად, დამჭირდება XIX საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, ფრიდრიხ ვილჰელმ ნიცშეს დამოწმება, რომელიც წერდა: „ხელოვნება იმისთვის არსებობს, რეალობამ ინდივიდი რომ არ გაანადგუროსო“.
ორი საუკუნის წინანდელი ეს ხედვა, დღევანდელ ტექნოკრატიულ ეპოქაში, სადაც ადამიანები დღითიდღე ვირტუალურ, ილოზურ სამყაროში გადაცხოვრებას ამჯობინებენ, მეტად ხელშესახები და აღქმადი გახდა. ხელოვნება არის ერთ-ერთი მთავარი აკვედუკი, რომელსაც გამოშრობის პირას მყოფი სულიერების მორწყვის ძალა შესწევს.
ისტორიის ქარტეხილებში, როცა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური საზღვრები იშლებოდა და სახელმწიფოებრიობის ბურჯები ირყეოდა, ჩვენი ერის გადარჩენის მთავარი იარაღი, არამხოლოდ ფარი და მახვილი, არამედ ქართული სიტყვა იყო. მწერლობა იქცა იმ უხილავ სახელმწიფოდ, რომელმაც ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა, ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობა შემოგვინახა. ემოციური და ამაღელვებელი გახლდათ ის ფაქტიც, რომ სწორედ იმ სცენაზე, სადაც 1918 წელს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ რესპუბლიკად დაბადების შესახებ გამოცხადდა, მთელი ერთი საუკუნის შემდეგ კი, კიდევ ერთხელ ის მთავარი ღირებულებები ახმიანდა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი ლიტერატურას უკავია და რომელიც არის სანდო, მტკიცე, ძლიერი საცავი ყველა იმ ისტორიული მონაპოვარისა თუ ეროვნული ფასეულობისა, რამაც თვითმყოფადობა, იდენტობა შეგვინარჩუნა.
ღონისძების დასაწყისში წუთიერი დუმილით, პატივისცემა იქნა გამოხატული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორესა და პატრიარქთან ერთად, ქართველ პოეტთა დასის იმ ღირსეული წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც 2025-2026 წლებში საკუთარი გარდაცვალებით, ქალაქსა და ქვეყანაში დიდი ადამიანური დანაკლისი გამოიწვიეს: ნომადი ბართაია, თემურ ჩალაბაშვილი, ენდი ნემსიწვერიძე, თენგო ავსაჯანიშვილი და ვაჟა ხორნაული.
რადგანაც ქართულ ცნობიერებაში გარდაცვალება მხოლოდ ფორმის ცვლილება, განზომილებათა შორის მონაცვლეობაა სულიერი, ემოციური კავშირის შენარჩუნების კვალდაკვალ, ამ დამოკიდებულების შესაგრძნობად, მსურს „ქუჯის“ პირველი ლაურეატის, ნომადი ბართაიას შეფასება მოვიხმო „ქუჯის“ მასშტაბებისა და მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის შესახებ:
„...ხსენებული კონკურსი და ფესტივალი ატარებს - ქუჯის სახელს, რაც ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა და ამ იდეით მუხტავს თითოეულ ჩვენგანს. ღონისძიებამ, რომელიც დაიბადა მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი საქართველო მოიცვა. მის მუშაობაში აქტიურად ჩაერთნენ, როგორც ცნობილი, ისე ახალგაზრდა ავტორები.
სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ღონისძიებამ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი გამოავლინა. თითქოს დროული იყოო „ქუჯის“ გამოჩენა, რომელმაც ამ ურთიერთსიძულვილით გაჯერებულ გარემოში, სიძულვილის ენას, ძალადობასა და ზიზღს, მოფერება და ურთიერთსიყვარული ჩაანაცვლა და, კიდევ ერთხელ შეგვახსენა, ვისი გორისანი ვართ, საიდან მოვდივართ და როგორ უნდა ვიაროთ წინ“.
დიახ, ლიტერატურის გარეშე შეუძლებელია მოქალაქის, თავისუფალი პიროვნების ფორმირება. ასევე უდავოა ის საკითხი, რომ ხელოვნება, კონკრეტულად ტექსტი, არის სივრცე, სადაც ხდება „პიროვნების დაბადება“. ჩვენ ვკითხულობთ, რათა დავინახოთ სამყარო სხვისი თვალებით და ამით უფრო ღრმად შევიცნოთ საკუთარი თავი. ყოველთვის როცა ფიზიკური სამშობლო საფრთხეში იყო, სიმღერასთან ერთად, ჩვენი ენა იქცა ჩვენს სამშობლოდ და ამ სულიერი სამშობლოს, ჩვენი იდენტობის კონსტიტუციის მთავარი შემოქმედი კი დიდი შოთა რუსთაველი იყო.
„ვეფხისტყაოსანი“ , როგორც პირველი ევროპული, ნეოპლატონისტური ლიტერატურული ძეგლი, რომელშიც ჰუმანისტური ღირებულებები, კოსმოპოლიტური ფასეულობები ისე ჰარმონიულად არის შემონატილი, რომ ფაქტობრივად, თანამედროვე სამყაროს ხერხემალი, მისი ინჟინერიის სტრუქტურაა გადმოცემული მასში. ეს არის ქართველი ადამიანის მორალური კოდექსი, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის უზენაესი მანიფესტი. ტექსტი, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი.
საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის — „ქუჯის“ საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალის მიზანი, არამხოლოდ თანამედროვე ქართული ლიტერატურული ცხოვრების მხარდაჭერა-პოპულარიზაცია, არამედ იმ უხილავი, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მიმართ მადლიერების გამოთქმა გახლდათ, რასაც ქართული ენა, ქართული სიტყვა და ლიტერატურა ჰქვია. ამავდროულად, სიორენ კირკეგორს თუ მოვიშველიებთ -„ბოლოსდაბოლოს პოეტების სახით სიყვარულს ხომ თავისი მღვდლები ჰყავს“, საღამოს მსვლელობა იმ მთავარი სუბსტანციის მიმართ მსახურება, რასაც კაცობრიობა მოისაკლისკებს და რის გარეშეც სულიერი დაბადება შეუძლებელია, ბუნებრივია, იგულისხმება - სიყვარული.
„ქუჯი“ უკვე რვა წელია, რაც ობიექტურობის მაღალი ხარისხითა და სანდოობით, ხელს უწყობს გემოვნებიანი, დახვეწილი, რაფინირებული ლიტერატურის პოპულარიზაციას და ქართულ კულტურაში შეტანილი დიდი წვლილის მქონე ქართველ ხელოვანთა მიმართ მადლიერების გამოხატვას სხვადასხვა პრემიების სახით. წლევანდელი ფესტივალი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მან საერთაშორისო ხასიათი შეიძინა. არაერთგზის გვითქვამს, რომ ლიტერატურა დროს, ფიზიკურ მანძილს, საზღვრებს არ ემორიჩილება და ის ერთდროულად თანამყოფობს ყველგან. ამის დასტურია ის სასიხარულო სიახლე, რომ დაჯილდოების ცერემონიალს ლატვიის მწერალთა საზოგადოების წარმომადგენლები, ცნობილი მწერლები ესწრებოდნენ: ჯენა ანდერსონე, ერიკა ბერზინა, არვის ვიგულისი, ივეტა შიმკუსი, დაინის დეიგელისი.
წელს, საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი „ქუჯი“ ერთკვირიანი პროგრამით იყო წარმოდგენილი, რომელიც მოიცავდა საქართველოს 5 ქალაქში ლიტერატურულ ტურნეს, კერძოდ კი: თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, - ეს ის ქალაქებია, რომელთაც ფესტივალი ეწვია და იქაც გაჟღერდა „ქუჯის“ მთავარი იდეაფიქსი, რომ ლიტერატურა უნდა გახდეს ის სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანების ერთმანეთთან და ერთი იდეის ქვეშ დაბრუნებას, რასაც ჩვენი უწმინდესის საგანძურის ენაზე თუ ვიტყვით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი ჰქვია.
მორალურ ვალდებულად მიმაჩნია ჟიურის მიმართ მადლიერების გამოთქვა და აქვე მათი დასახელება, რომელთაც ზედმიწევნით სკრუპულოზურად შეუასრულეს საკუთარი სამუშაო:
ელგუჯა მარღია (თავმჯდომარე) - პოეტ-რობაისტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი;
ცირა ბარბაქაძე (+AI) - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ნინო ვახანია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ირმა ბერიძე - პოეტი, ჟურნალისტი;
გენრი დოლიძე - პოეტი;
გივი ჩიღვინაძე - ფილოლოგი, პროზაიკოსი.
ცოტნე ავსაჯანიშვილი - ევროპათმცოდნე, პროზაიკოსი.
კომპეტენტურმა ჟიურიმ ლიტერატურული კონკურსის „ქუჯი 2026“ - გამარჯვებულები გამოავლინა ნომინაციებში:
"წლის საკეთესო დებიუტი" - ლაშა ბაბილუა (“განგაშის იავნანა“);
"წლის საუკეთესო პოეტური კრებული" - ბექა ახალაია („Homo მაგნატი“), საშა გველესიანი („მე-დიდი დათვი“);
"წლის საუკეთესო პროზაული კრებული" - ირაკლი ჯაფარიძე („მშვიდობით, მისტერ სოულ“);
"ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი" - სოფიო წულაია (ნომინალური პირველი პრემია), გიორგი ბალახაშვილი (მეორე პრემია), სოფიო გოგოლაძე (მესამე პრემია).
„ერთი ლექსის“ საუკეთესო ფინალისტები: სალომეა ლომინაძე, ქეთო სიხარულიძე, მირანდა ერისთავი, ცირა ოქროპირიძე, ფიქრია ყაზაიშვილი, ლალი ღაჭავა, ლილე კვირკვია.
კონკურსგარეშე დაჯილდოვდნენ:
პრემია "ქუჯი - ერთიანი საქართველოსთვის" - მურმან ჯინორია (მსახიობი), რადიშ თორდია (მხატვარი), ლეო ანთაძე (მსახიობი).
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის პრემია - ტარიელ ხარხელაური (80);
ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია - გიგი ხორნაული (90).
მადლობის სიგელი გადაეცა "ოსკარ შინდლერის აკადემიის" (ხელმძღვანელი მაქს მეირ შავიტი) კურსდამთავრებულს, საბა ვარდოსანიძეს, "ქუჯის" ექსკლუზიური პრიზების დამზადებისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის ჯილდო - შოთა რუსთაველის მედალი გადაეცა, ლატვიაში ქართველთა საზოგადოება "სამშობლოს" ხელმძღვანელს, იმედი კოკაიას.
ღონისძიებას უძღვებოდნენ ხატია სულაბერიძე და ამირან ჯანჯღავა. მონაწილეობდა ქართულ - ხალხურ საკრავთა ანსამბლი „გენი“ (ხელმძღვანელი ზურაბ ბარბაქაძე). ასევე, მუსიკალური ნომრები შეასრულეს, მომღერალმა ზურაბ ბარბაქაძემ და პიანისტმა რეზო ჯორბენაძემ. მაყურებლის წინაშე მონოსპექტაკლით წარსდგნენ: მურმან ჯინორია და ლეო ანთაძე.
მადლობა საერთაშორისო ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „ქუჯის“ დამფუძნებლებს: ილია ერქვანიას, ბესო გვაზავას, დალი ჯორბენაძეს, ნანა კვაშილავას, რომლებმაც დაუღალავი შრომითა და ენთუზიაზმით, ხილული სასწაულის წინაშე გვამყოფეს თითქმის ორი საათი, -ჩვენ სხეულის, ფიზიკური მდგომარეობის ცვლილების გარეშე, საშუალება გვქონდა ტრანსცენდეტური, მიღმური სამყაროს შეცნობისა და დაგემოვნებით განცდილი სიხარული მიგვენიჭებინა საკუთარ სულთათვის.
ლიტერატურული კონკურს-ფესტივალ „ქუჯის“ მხარდამჭერები იყვენ: ს.ს.ი.პ. „შემოქმედებითი საქართველო“, ქალაქ თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული სახლი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, მწერალთა სახლი, მწერალთა კავშირი, შავიტის საიუვილერო სალონი, ბიბლუსი, ღვინის მარანი „გვაზი“, ჟურნალი „ცისკარი“, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალიური ბანკი, იბერია პალასი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია.
ამირან ჯანჯღავა
„ქუჯი 2026“-ის წამყვანი